logo
ENG



დეკანოზ თადეოზს შოვინისტური ქადაგების გამო მონასტერში განწესება "მიესაჯა"

29 იან 202119:19
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/29/hlqrfvgjjskmgbg.jpg

საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ცნობით, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მღვდელმსახურს, დეკანოზ თადეოზ სარალიძეს, რომელმაც არმენოფობიული და შოვინისტური ქადაგების გამო საზოგადოების მხრიდან მწვავე კრიტიკა მიიღო, მონასტერში გარკვეული ვადით განწესება მიესაჯა. 

"საზოგადობაში არსებული ინტერესიდან გამომდინარე, დამატებით გაცნობებთ, რომ ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მღვდელმსახურს, დეკანოზ თადეოზ სარალიძეს დაედო საეკლესიო სასჯელად (ეპიტიმია) მონასტერში განწესება გარკვეული ვადით", - ვკითხულობთ პრესსამსახურის განცხადებაში. 

გუშინ, 28 იანვარს საპატრიარქომ დეკანოზის "შენდობის თხოვნის წერილი" გამოაქვეყნა, რომელშიც მამა თადეოზი მღვდელმთავრის კურთხევის გარეშე ქადაგების გამო იხდიდა ბოდიშს. 

"მითხრეს, რომ ძირითადად, სახარების განმარტებაზე და წმინდანთა ცხოვრებაზე ისაუბრეო, ასეთ ცხელ-ცხელ ინფორმაციებს ცოტა მოერიდეო", - განაცხადა დეკანოზმა, - "ეს ქადაგება, რომელიც იყო არაკორექტული, გავიდა სოციალურ ქსელებში და დიდი შეშფოთება გამოიწვია საზოგადოებაში. ვაღიარებ, რომ შეცდომები დაშვებული იყო ეროვნული, სოციალური და პედაგოგიკური კუთხით". 

მამა თადეოზი დადებულ პირობას ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელის მიმართ პატივისცემით ხსნის, რომელმაც მის ქადაგებას სახარების სწავლებასთან შეუსაბამო უწოდა, თუმცა დასძინა, რომ დეკანოზს, ხშირ შემთხვევაში, სწორი აზრების არასწორი ფორმით გამოთქმა სჩვევია. მეუფე დანიელმა ასევე განაცხადა, რომ მამა თადეოზის "შეუფერებელ" ქადაგებაზე ეპარქია იმსჯელებდა და მას შესაბამის სასჯელს დაუწესებდა. 

 

 

 


close დახურვა